გაცვლითი პროგრამები

ხშირად გვეკითხებიან გაცვლითი პროგრამების შესახებ. გვინდა თავიდანვე მკაფიოდ განვმარტოთ, რომ ჩვენს ფირმას „გაცვლით პროგრამებთან“ არანაირი კავშირი არ გვაქვს და არცერთ მათაგანს ჩვენ არ ვახორციელებთ. ჩვენი მიმართულება სულ სხვაა: საზღვარგარეთ უნივერსიტეტში ჩარიცხვა და იქ სრულფასოვანი სწავლა, რაც სრულდება ბოლოს საზღვარგარეთული ბაკალავრის ან მაგისტრის დიპლომის მიღებით. გაცვლითი პროგრამა – სწავლა მხოლოდ 1 ან 2 სემესტრი საზღვარგარეთ, შესაბამისად იქაური სრულფასოვანი დიპლომი და აკადემური ხარისხი ვერ მოგენიჭებათ. თუმცა შესაძლებელია იქაური კრედიტების ჩათვლა ქართულ უნივერსიტეტებში.

გაცვლითი პროგრამები სხვადასხვაგვარია:

– ზოგი გაცვლითი პროგრამა სრულად ან ნაწილობრივ ფინანსდება სხვადასხვა ფონდების, საელჩოების თუ უნივერსიტეტების მიერ, თუმცა ზოგჯერ საჭიროა თვითდაფინანსებაც;
– ზოგიერთი გაცვლითი პროგრამით შესაძლებელია სწავლასთან ერთად მუშაობა;
– ზოგიერთი პროგრამა განკუთვნილია მხოლოდ სტუდენტებისთვის, ზოგი – ყველასათვის.
– გაცვლითი პროგრამა არის ერთგვარი მოკლევადიანი გამოცდილება საზღვარგარეთ სწავლის ან მუშაობის აგრეთვე უცხო ენის გაუმჯობესების მხრივ.

საუნივერსიტეტო პროგრამა Erasmus+

ყველაზე ცნობილი და გავრცელებულია საუნივერსიტეტო გაცვლითი პროგრამა „Erasmus+“ რომელიც სრულად დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ (სწავლა, ცხოვრება და სტიპენდია). პროგრამაში მონაწილე პარტნიორი უნივერსიტეტები ერთმანეთში ცვლიან სტუდენტებს, ხოლო უნივერსიტეტებს შორის არსებულ სწავლების ფასთა სხვაობას (მაგალითად, ჰოლანდიაში ან იტალიაში საქართველოსთან შედარებით სწავლა უფრო ძვირია) და სტუდენტის სტიპენდიის ხარჯებს ფარავს „Erasmus+“ ფონდი, ანუ ევროკავშირი. ამ პროგრამის მონაწილე რომ გახდეთ, აუცილებლად უნდა იყოთ რომელიმე უნივერსიტეტის სტუდენტი (საქართველოში ან საზღვარგარეთ). ქართულ უნივერსიტეტებს აქვთ Erasmus+ ძალიან მცირე კვოტა, რის გამოც მასში მონაწილეობის მიღება მხოლოდ მცირე რაოდენობის სტუდენტებს შეუძლიათ. თუ შევადარებთ ევროპის უნივერსიტეტებს, მათ ბევრად უფრო მეტი სტუდენტის გაგზავნა შეუძლიათ ამავე პროგრამით. მაგალითად, ერთ-ერთ ჩვენს პარტნიორ უნივერისტეტს ლიტვაში Mykolas Romeris University დადებული აქვს გაცვლითი ხელშეკრულება მსოფლიოს 300 უნივერსიტეტთან, ასევე Erasmus+ პროგრამასთან ერთად ჩართულია NordPlus (ჩრდილო-ევროპის უნივერსიტეტების გაცვლა) და Horizon2020 პროგრამებში შესაბამისად თუ თქვენ გახდებით ამ უნივერსიტეტის სტუდენტი, მაშინ ბევრად უფრო მეტი შანსი მოგეცემათ 1 ან 2 სემესტრი გაატაროთ სხვა ქვეყნებში დაფინანსებული გაცვლითი პროგრამით, ცხადია ქვეყნების არჩევანიც ბევრად მეტია. ვის მივმართო: სტუდენტებმა ინფორმაციისთვის უნდა მიმართონ უშუალოდ იმ უნივერისტეტში დეკანატს (ან ერაზმუსის კოორდინატორს), სადაც სწავლობენ.

აშშ-ს საელჩოს გაცვლითი პროგრამები

აშშ-ს საელჩო სთავაზობს სხვადასხვა გაცვლით პროგრამებს რომლებიც სხვადასხვა ასაკზე და პროფესიებზე არის გათვლილი, რომლებსაც შეგიძლიათ გაეცნოთ ქვემოთ მოცემულ ბმულზე.
https://ge.usembassy.gov/ka/education-culture-ka/exchange-programs-ka/
ვის მივმართო: ინფორმაციისთვის მიმართეთ აშშ-ს საელჩოს ან კონკრეტულად გაცვლითი პროგრამის ვებ-გვერდს.

ზოგიერთ ქვეყანას აქვს პროგრამა რომელიც ითვალისწინებს სწავლასთან ერთად მუშაობას. ასეთებია მაგალითად Au Pair (გერმანიასა და ავსტრიაში) და Work And Travel USA (აშშ) ასევე AIESEC დასაქმება ევროპაში. ამ პროგრამების საშუალებით შეგიძლიათ გაემგზავროთ 1 წლამდე საზღვარგარეთ და სწავლასთან ერთად გაქვთ ლეგალურად მუშაობის უფლება.

სწავლა და ლეგალურად მუშაობა – Au Pair (გერმანიასა და ავსტრიაში)

Au Pair (გერმანიასა და ავსტრიაში) პროგრამა გულისხმობს გერმანული ენის გაუმჯობესების მიზნით 1 წლის განმავლობაში მასპინძელ ოჯახში ცხოვრებას და უფასო კვებას და სანაცვლოდ აუ-პაირ ვალდებულია მოუაროს მასპინძელი ოჯახის 12 წლამდე ასაკის ბავშვს (ან ბავშვებს), ასევე დაეხმაროს დიასახლისს საოჯახო საქმეებში. ეძლევა ჯიბის ფული დაახლოებით 260 ევრო თვეში. შეუძლია სიარული ენის კურსებზეც რამოდენიმე კვირა, თუმცა სავალდებულო არ არის. ეს პროგრამა უნივერსიტეტში სწავლას არ გულისხმობს, ძირითადი აქცენტი კეთდება მასპინძელ ოჯახში სასაუბრო გერმანულის შესწავლაზე. მონაწილეთა ასაკი მკაცრად შეზღუდულია – 18-26 წლამდე გერმანია, 18-28 წლამდე ავსტრია. არ უნდა ჰყავდეს საკუთარი ოჯახი და შვილები. აუცილებელია გერმანული ენის ცოდნა სასაუბრო B2 დონეზე (გოეთეს ინსტიტუტის სერტიფიკატი). ვიზის და გამგზავრების (ავიაბილეთი) ხარჯს იხდის მონაწილე. ძირითადად მიდიან გოგონები, რადგან ბავშვებთან ურთიერთობიდან გამომდინარე, ოჯახები უპირატესობას მათ ანიჭებენ. ბიჭებისთვის მასპინძელი ოჯახის პოვნის შანსი 0-დან 1%-მდეა. ამ პროგრამით მუშაობის უფლება აქვს მხოლოდ იმ ოჯახში, სადაც იგი იცხოვრებს, სხვაგან არა აქვს. მსგავსი პროგრამა არის სხვა ქვეყნებშიც, თუმცა საქართველოს მოქალაქეებისთვის სხვა ქვეყნებში Au Pair პროგრამით ვიზების მიღება ძალიან რთულია ან შეუძლებელი (ინგლისი, შვეცია, ჰოლანდია, იტალია, ესპანეთი – Au Pair- ებს მხოლოდ ევროკავშირიდან იღებს). ვის მივმართო: უმჯობესია დაუკავშირდეთ გერმანიაში Au pair სააგენტოებს (ქალაქების მიხედვით მოძებნეთ გუგლში), ისინი დაგაკვალიანებენ საჭირო საბუთებზე და მოძებნიან თქვენთვის მასპინძელ ოჯახს (ნელა მუშაობენ, მაგრამ სანდოა). საშუამავლო ინტერნეტ საიტები უფრო სწრაფია Aupair-world და მსგავსი, მაგრამ ნაკლებად სანდოა, რადგან ოჯახები ხშირად თაღლითობენ და შეიძლება ის ოჯახი არ აღმოჩნდეს რაც ფოტოებზეა ან სხვა აიყვანოს, სანამ თქვენ გერმანიის ვიზას აიღებთ.

Work And Travel USA (აშშ)

მონაწილეთა ასაკი 18-26 წლამდე. უნდა იყოს სტუდენტი. ინგლისურის ცოდნა აუცილებელია. ეს პროგრამა ცოტა ძვირი სიამოვნებაა და მასში მონაწილეობა რამდენიმე ათასი დოლარი ჯდება. თუმცა როგორც ამბობენ მუშაობის შედეგად დანახარჯის ანაზღაურება შეიძლება. პროგრამას კურირებენ სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ლიცენზირებული სააგენტოები აშშ-ში, რომლებიც მკაცრად არჩევენ პროგრამის მონაწილეებს. ვის მივმართო: მოიძებნეთ გუგლში ლიცენზირებული სააგენტოები აშშ-ში Work And Travel USA.

AIESEC

ეს პროგრამა გულისხმობს სხვადასხვა სამუშაოების შესრულებას ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანაში: იტალია, უკრაინა, პოლონეთი, ლიეტუვა, გერმანია, უნგრეთი, თურქეთი, რუმინეთი, ჩეხეთი. მონაწილე ასრულებს გარკვეულ პროეტებს, რის სანაცვლოდაც იღებს ანაზღაურებას და ფარავს საკუთარ ხარჯებს. მონაწილეობის მსურველთა ასაკი 18-29 წლამდეა და უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას Intermediate -დონეზე. გამგზავრებამდე უტარდებათ სემინარები, მონაწილეობა ფასიანია – 200 ევრო. ვის მივმართო: https://www.facebook.com/AIESECinGeorgia

Facebook
WhatsApp
Twitter
LinkedIn
Pinterest

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *

Scroll to Top