სწავლა საზღვარგარეთ

DELE

DELE - Diploma de Español como Lengua Extranjera – არის ესპანურის როგორც უცხო ენის ცოდნის შესაფასებელი გამოცდა, რომელიც დააწესა ესპანეთის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ. სამინისტროს სახელით სერთიფიკატს გასცემს სერვანტესის ინსტიტუტი. ამ გამოცდის ჩაბარების შემდეგ გაიცემა დიპლომი, რომელიც ადასტურებს ესპანური ენის ცოდნას შესაბამის დონეზე. DELE დიპლომი (ან სერთიფიკატი) ოფიციალურად არის აღიარებული სასწავლო დაწესებულებებისა და დამქირავებლების მიერ მთელს მსოფლიოში. DELE აუცილებელია ესპანეთის და ესპანურენოვანი ქვეყნების უმაღლეს სასწავლებლებში ჩაბარებისას, ასევე წარმატებული კარიერისათვის, რომელიც უკავშირდება ესპანურ ენას.

ყოველ წელს, მაისის შუა რიცხვებში ან ნოემბრის ბოლოს 30 ათასზე მეტი კანდიდატი ერთდროულად აბარებს DELE–ს გამოცდას მსოფლიოს 140 ქვეყანაში.

DELE-ს გამოცდისთვის მომზადება წარმატებით შეიძლება ესპანეთის რომელიმე ენის სკოლაში, რომელიც აღნიშნულ კურსს სთავაზობს. გამოცდისთვის მომზადება განსხვავდება ჩვეულებრივი ენის კურსისგან იმით, რომ სტუდენტები ეცნობიან გამოცდის სტრუქტურას და მისთვის დამახასიათებელ ნიშნებს, შესაძლებლობა ეძლევათ თავიდან აიცლიონ ის სიძნელეები, რომლებიც ჩვეულებისამებრ დაკავშირებულია გამოცდის გრამატიკულ და ზეპირ ნაწილებთან, წინასწარ მოხდეს იმ უნარების დაუფლება, რომელიც საჭიროა გამოცდის ჩასაბარებლად ესპანურში. როგორც წესი, სტუდენტები რომლებმაც გაიარეს გამოცდისთვის მომზადების კურსი ესპანეთში, წარმატებით აბარებენ DELE–ს.

გამოცდის ფორმატი

DELE სირთულის მიხედვით სამ საფეხურადაა დაყოფილი, რომელთაგან თითოეული შეესაბამება ენის ფლობის შესაბამის დონეს.

1. ესპანური ენის დიპლომი - საწყისი დონე (DIPLOMA DE ESPAÑOL - NIVEL INICIAL) წარმოადგენს ესპანური ენის საწყის დონეს, რომელიც საკმარისია მხოლოდ ელემენტარული ზეპირი და წერილობითი ურთიერთგაგებინებისათვის. ნიველ ინისიალის დონე შეესაბამება საერთო ევროპული სარეფერენციო ჩარჩოს B1-ს. მისი მიღება შესაძლებელია 11–დან 17 წლამდე მოსწავლეებისთვისაც.
2. ესპანური ენის დიპლომი - საშუალო დონე (DIPLOMA DE ESPAÑOL - NIVEL INTERMEDIO) წარმოადგენს ესპანური ენის საშუალო დონეს, რომელიც მოწმობს ესპანური ენის შემსწავლელის საკმაოდ კარგ დონეს; მას გააჩნია ენის ძალიან კარგი ზოგადი ცოდნა, რაც საჭიროა ყოველდღიური სიტუაციების დასაძლევად. ნიბელ ინტერმედიოს დონე შეესაბამება საერთო ევროპული სარეფერენციო ჩარჩოს B2-ს.
3. ესპანური ენის დიპლომი - მაღალი დონე (DIPLOMA DE ESPAÑOL - NIVEL SUPERIOR) წარმოადგენს ესპანური ენის მაღალ დონეს, რომელიც მოწმობს ესპანური ენის მცოდნის ძალიან კარგ ენობრივ უნარ-ჩვევებს, რაც მას საშუალებას აძლევს დაძლიოს ნებისმიერი სირთულის ტექსტი. ნიბელ სუპერიორის დონე შეესაბამება საერთო ევროპული სარეფერენციო ჩარჩოს C2-ს. მისი მიღება შეუძლიათ მხოლოდ 16 წლის ასაკიდან.

გამოცდა შედგება 5 ნაწილისაგან, რომელთაგან თითოეული ამოწმებს ენის ცოდნას გარკვეული კუთხით:
• კითხვა და წაკითხული ტექსტის გააზრება – კანდიდატის დონის შესაბამისად გრძელდება 40– 60 წუთს.
• წერითი ნაწილი – კანდიდატები წერენ მზირე ზომის პრაქტიკული ხასიათის ტექსტს/ თხზულებას მოცემულ თემაზე, კანდიდატის დონის შესაბამისად გრძელდება 50– 60 წუთს.
• აუდიო ანუ მოსასმენი ნაწილი – 30 დან 45 წუთამდე გრძელდება.
• გრამატიკა და ლექსიკური მარაგი – 40 დან 45 წუთამდე.
• ზეპირი საუბარის უნარი თავისუფალი დიალოგის რეჟიმში – 10 დან 15 წუთამდე.

DELE–ს გამოცდის წარმატებით ჩასაბარებლად საჭიროა კანდიდატმა მიიღოს თითოეულ ნაწილში "Apto" – „ჩაბარებულია“. გამოცდის ჩაბარება შესაძლებელია ნებისმიერი დონიდან. განსხვავებით ინგლისური ენის სერთიფიკატებისაგან, როგორებიცაა IELTS და TOEFL, DELE დიპლომი უვადოა და მისი ჩაბარება ყოველ ორ წელიწადში ერთხელ საჭირო არ არის.


DELE–ს ოფიციალური საიტია - www.dele.org