სწავლა საზღვარგარეთ

MBA
Postgraduate and MBA

ევროპული და ამერიკული უმაღლესი განათლების სისტემაში, რომელიც სამი საფეხურისაგან შედგება, ტერმინი Postgraduate აღნიშნავს სასწავლო პროგრამებს, რომლებიც მიმდინარეობს ბაკალავრის ხარისხის მიღების შემდგომ და მათზე ჩარიცხვისთვის აუცილებელია კანდიდატს ჰქონდეს ბაკალავრის ხარისხი. Postgraduate (დიპლომსშემდგომი განათლება) საზღვარგარეთ ტრადიციულად მოიცავს 2 საფეხურს: მაგისტრი და მეცნიერებათა დოქტორი.

სამაგისტრო პროგრამები ითვლება თეორიულად. როგორც წესი, მაგისტრის ხარისხის მიღებას სჭირდება 1–2 წელი. თავიდან სტუდენტი ღრმად სწავლობს რამოდენიმე დისციპლინას არჩეული პროფილის მიხედვით და აბარებს გამოცდებს ამ საგნებში. შემდეგ იგი წერს სადიპლომო პროექტს არჩეული სპეციალობის ფარგლებში და იცავს მას. მაგისტრატურის ძირითადი სპეციალობებია:

- PGGE (Postgraduate Certificate in Education) - მაგისტრის ხარისხი განათლების სფეროში;
-DMS (Diploma in management Studies) — მაგისტრის ხარისხი მენეჯმენტში;
- MA (Master of Arts) - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა მაგისტრი;
- MSc (Master of Science) - საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა მაგისტრი;
- MBA (Master of Business Administration) - ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრი;
- LLM (Master of Law) - სამართალმცოდნეობის მაგისტრი;
- MPhil - ფილოსოფიის მაგისტრი;

მსოფლიო ბაზარზე სამაგისტრო ხარისხებიდან ყველაზე უფრო პოპულარულია MBA (ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრი). MBA–ს პროგრამები ერთმანეთისგან განსხვავდება თავიანთი სპეციალიზაციის, ხანგრძლივობისა და სწავლების ფორმის მიხედვით. დიდ ბრიტანეთში ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს ინტენსიური ერთწლიანი პროგრამა, რომელიც ტარდება სწავლების დასწრებული ფორმით.

პროგრამა MBA–ში დაშვებულია, რომ კანდიდატის წინა განათლება შეიძლება საერთოდ არ იყოს დაკავშირებული ბიზნესთან. სტანდარტული MBA პროგრამა ზოგად მენეჯმენტში მოიცავს შესავალ კურსს, სავალდებულო კურსს და ფაკულტატურ საგნებს. შესავალი კურსი (ორიენტაცია) იკითხება სასწავლო წლის დასაწყისში, როგორც წესი გრძელდება პირველი სემესტრის ერთი კვირა. შემდეგ მოდის საბაზისო კურსი, რომლის ფარგლებშიც სტუდენტები ეცნობიან ტერმინებს და ზოგად თეორიებს, რომლებიც აუცილებელია რვა ფუნქციონალური დისციპლინის შესასწავლად. საბაზისო კურსი გრძელდება დაახლოებით 10 კვირას. MBA–ს ძირითადი პროგრამა მოიცავს შემდეგ საგნებს: ფინანსური აღრიცხვა, ეკონომიკა, ადამიანური რესურსების მართვა, ინფორმაციის მართვა, ორგანიზაციის ქცევა, გადაწყვეტილების მიღების რაოდენობრივი მეთოდები, მარკეტინგი, საწარმოთა მართვა. ძირითადი საგნების გარდა სტუდენტს შეუძლია აირჩიოს 3–დან 8–მდე ფაკულტატური საგანი, მაგალითად, საერთაშორისო სამართალი, ბაზრის ანალიზი, საერთაშორისო ფინანსები, გლობალური სტრატეგია, მცირე ბიზნესის წარმოება და სხვა.

ლექციებზე დიდი ყურადღება ეთმობა ბიზნესის წარმოებისა და მართვის ფსიქოლოგიას. სტუდენტები სწავლობენ ერთიანი გუნდის შექმნის ხელოვნებას, მოლაპარაკებების წარმოებას, ეფექტური პრეზენტაციების ჩატარებას, კარგი ხელმძღვანელის თვისებებს და მოტივაციის ტექნიკას.

მესამე სემესტრში MBA–ს სტუდენტებს უტარდებათ სასწავლო პრაქტიკა (პროექტი მენეჯმენტში), რომელიც გრძელდება 2–დან 4 თვემდე, და მოიცავს 400 საათიან ნაწილობრივ ანაზღაურებად სამუშაოს კონსულტანტად რომელიმე კომპანიაში. პრაქტიკის დასრულების შემდეგ სტუდენტი წერს დისერტაციას მოცულობით 10000 – 15000 სიტყვა. შესაძლებელია დისერტაციაზე მუშაობა გუნდშიც, რომელიც შედგება 2–4 ადამიანისაგან.

MBA კურსებზე სტუდენტთა ცოდნის კონტროლის ფორმებია ჩათვლები და გამოცდები. ამას გარდა, თითოეულ საგანის მიხედვით იწერება თხზულება და რაპორტი. საგამოცდო ნიშანი ბევრად არის დამოკიდებული სტუდენტის მუშაობის ხარისხზე მთლიანად სემესტრის განმავლობაში.

MBA–ს დიპლომი აღიარებულია მთელს მსოფლიოში, როგორც ხარისხიანი განათლების დამდასტურებელი დოკუმენტი ბიზნესისა და მართვის სფეროში. MBA დიპლომის მფლობელებს, რომლებმაც გაიარეს სწავლება აკრედიტირებულ სასწავლო დაწესებულებაში, აქვთ კარგი პერსპექტივები სამუშაოს შოვნისა და კარიერული წინსვლის კუთხით.

მაგისტრატურის წარმატებით დასრულების შემდეგ სწავლის გაგრძელების მსურველებს შეუძლიათ ჩაირიცხონ სამეცნიერო–კვლევით კურსზე, რომელიც გამიზნულია დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად. როგორც წესი, კურსის ხანგრძლივობა და დისერტაციაზე მუშაობა გრძელდება 2–დან 4 წლამდე. კურსის მსვლელობისას კანდიდატი სწავლობს გარკვეული რაოდენობით თეორიულ საგნებს, რომლებიც დაკავშირებულია სამეცნიერო კვლევის ობიექტთან. სწავლების ძირითადი ნაწილი ეთმობა სამეცნიერო კვლევის ჩატარებას სასწავლო დაწესებულების უფროსი მასწავლებლის ან პროფესორის ხელმძღვანელობით. სამეცნიერო–კვლევითი მუშაობის შედეგს წარმოადგენს დიესრტაციის დაცვა. წარმატებული დაცვის შემთხვევაში კანდიდატს ენიჭება სამეცნიერო წოდება PhD (Doctor of Philosophy) — ფილოსოფიის დოქტორი.