სწავლა საზღვარგარეთ

IB Diploma
International Baccalaureate (IB)

საგანმანათლებლო პროგრამა საერთაშორისო ბაკალავრიატი (International Baccalaureate) შემუშავდა შვეიცარიაში 60–იანი წლების ბოლოს. IB–ს მიზანი იყო ცოდნის ერთიანი შეფასების კრიტერიუმის დადგენა სასკოლო განათლების კუთხით სხვადასხვა ქვეყნის აბიტურიენტთათვის, რაც საბოლოო ჯამში ხელს შეუწყობდა სტუდენტთა მოხვედრას სხვადასხვა ქვეყნის უმაღლეს სასწავლებლებში. პროგრამა წარმატებით მიმდინარეობდა და თანდათან მისი გამოყენება დაიწყეს მსოფლიოს მრავალი ქვეყნის სახელმწიფო და კერძო სასწავლებლებმა. პროგრამის შედეგები აღიარებული იქნა წამყვანი უნივერსიტეტების მიერ. დღესდღეობით აბიტურიენტებს, რომლებსაც აქვთ IB დიპლომი შეუძლიათ ჩააბარონ აშშ–ის, კანადის, ირლანდიის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, ბელგიის, ნორვეგიის, შვეციის და მთელი რიგი სხვა ქვეყნების უმაღლეს სასწავლებლებში. მრავალ ქვეყანაში IB დიპლომი აღიარებულია, ისევე როგორც სკოლის დამთავრების ნაციონალურ ატესტატი, თუმცა იგი ყველგან არ იძლევა მისაღები გამოცდების გარეშე ჩაბარების უფლებას.

არსებობს IB–ის რამდენიმე განსხვავებული პროგრამა. მათ შორის ყველაზე უფრო გავრცელებულია სადიპლომო პროგრამა (Diploma Program), რომელიც გათვლილია იმ სკოლის მოსწავლეებზე, ვინც აპირებს უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარებას. სადიპლომო პროგრამის ხანგრძლივობა შეადგენს 2 წელიწადს. სწავლება მიმდინარეობს ერთ–ერთ ენაზე: ინგლისურად, ფრანგულად ან ესპანურად. გამონაკლისს შეადგენს საგანი „მშობლიური ენა და ლიტერატურა“, რომელიც ისწავლება მშობლიურ ენაზე. IB პროგრამის ფარგლებში მოსწავლეები გადიან ექვს საგანს არჩევით, რომელთაგან სამი შეისწავლება ღრმად, მაღალ დონეზე (Higher level), დანარჩენი სამი კი – ნაკლებად ღრმად, საშუალო დონეზე (Subsidiary Level). მაღალ დონეზე შესასწავლ საგანს ეთმობა 240 სასწავლო საათი, ხოლო საშუალო დონისას – 150. ყველა საგანი პროგრამაში IB (მათი რაოდენობა კი შეიძლება 60–მდე იყოს) დაყოფილია ექვს ჯგუფად: მშობლიური ენა და მსოფლიო ლიტერატურა, უცხო ენები და უცხოური ლიტერატურა, ადამიანი და საზოგადოება, საბუნებისმეტყველო საგნები, მათემატიკური დისციპლინები და ფაკულტატური დისციპლინები. ფაკულტატურ დისციპლინებს მიეკუთვნება დიზაინი, მუსიკა, ხელოვნება, პროგრამირება, დამატებითი უცხო ენა და სხვა. მოსწავლე ირჩევს ყოველი ჯგუფიდან თითო საგანს.

IB პროგრამის განმასხვავებელი ნიშანია ის, რომ შეისწავლება სავალდებულო საგანი „ცოდნის თეორია“ (Theory of Knowledge). იგი წარმოადგენს კურსს, რომელიც მოსწავლეებში თვითგანათლების უნარ–ჩვევებს აყალიბებს. კურსის ფარგლებში მოსწავლეებს ასწავლიან საკუთარი მოსაზრებების დამოუკიდებლად ჩამოყალიბებას, დისკუსირებას და საკუთარი პოზიციის დაცვას. ამას გარდა, ყოველი სტუდენტისთვის, რომელიც სწავლობს IB პროგრამით, არსებობს სავალდებულო პროგრამა „შემოქმედება, მოქმედება, მსახურება“ (Creativity, Action, Service). სტუდენტი ვალდებულია შეასრულოს გარკვეული სამუშაო პროექტის სამივე მიმართულებით. შემოქმედებაში შეიძლება ჩაითვალოს მაგალითად, რომელიმე კოლექტიურ ღონისძიებაში მონაწილეობა, როგორიცაა სადღესასწაულო საღამოს მოწყობა ან სასკოლო გაზეთის გამოშვება. მოქმედებაში იგულისხმება მონაწილეობა, მაგალითად, სპორტულ შეჯიბრებებში, ცეკვებში ან თეატრალურ სტუდიაში. მსახურებაში იგულისხმება საქველმოქმედო საქმიანობა, მაგალითად, ინვალიდებისთვის და უპოვართათვის დახმარება, მუშაობა საზოგადოებრივ ორგანიზაციაში ან გარემოს დაცვა.

IB წარმოადგენს ერთ–ერთ ყველაზე მოქნილ საგანმანათლებლო პროგრამას. ყოველ სამ წელიწადში ერთხელ მასში შეაქვთ ცვლილებები პედაგოგთა, ექსპერტთა და სტუდენტთა შენიშვნებისა და შემოთავაზებების საფუძველზე. პროგრამის განვითარებაზე, სკოლების აკრედიტაციასა და მასწავლებელთა მომზადებაზე პასუხისმგებელია „საერთაშორისო ბაკალავრიატის ორგანიზაცია“ International Baccalaureate Organisation (IBO), რომელიც მოქმედებს 1967 წლიდან. ორგანიზაციის ცენტრალური ოფისი მდებარეობს ჟენევაში. IB–ს საგამოცდო ცენტრი, სადაც შემოწმებას გადის მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან სტუდენტების ნამუშევრები, მდებარეობს უელსში, ქალაქ კარდიფში.

IB პროგრამით გამოცდა ტარდება ექვსივე საგანში მეორე სასწავლო წლის მიწურულს. ყოველწლიურად მთელს მსოფლიოში IB გამოცდას აბარებს დაახლოებით 36 000 ადამიანი. მათგან მხოლოდ 80% იღებს დიპლომს. პროგრამის კურსდამთავრებული იღებს ორ შეფასებას შვიდბალიანი შკალით: შიდა – რომელსაც უწერს სკოლის მასწავლებელი, და გარე – რომელსაც განსაზღვრავენ უცხოელი გამომცდელები. IB საგამოცდო შემოწმების პროცესში საერთო ჯამში ჩართულია დაახლოებით 3500 გამომცდელი. შიდა და გარე შეფასებები ჯამდება თითოეული საგნის მიხედვით 1 დან 7 ქულამდე. საგამოცდო პროცედურაში შედის ასევე ორი წერითი დავალება: „ცოდნის თეორია“ და სადიპლომო ნაშრომი ერთ–ერთი არჩეული საგნის მიხედვით. წერით სამუშაოებში იწერება დამატებითი ქულები. დიპლომი გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ პროგრამის ყველა მოთხოვნა შესრულებულია და ქულების საერთო ჯამი ყველა საგანში 24 ან უფრო მეტია.

დღესდღეობით IB პროგრამით სწავლება მიმდინარეობს 1000–ზე მეტ სკოლაში, მსოფლიოს 100–ზე მეტ ქვეყანაში. განსაკუთრებულად პოპულარულია ეს პროგრამა დიდ ბრიტანეთსა და აშშ–ში.


ოფიციალური საიტი – http://www.ibo.org/